სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი:
არ მახსოვს, საპროტესტო აქციაზე მივსულიყავი და იქ ზვიად რატიანი არ დამხვედროდა (პირიქით კი აუცილებლად მოხდებოდა). მინახავს, კოჭლობით როგორ იკვალავდა გზას მომიტინგეებს შორის, ხან ცხარე კამათში იყო ჩართული – ფხიზელი ან შეზარხოშებული გონებით, განმარტოებულად მჯდომიც მინახავს – ჩაფიქრებული.
ერთმანეთი ვენაში გავიცანით (სალომე ასათიანის წყალობით), ზვიადის იძულებით ემიგრაციაში. მახსოვს მისი უბრალო ბინა ვენის მთლად პირველ ზონაში და მისი მოუღლელი და დეტალებამდე ღრმა საუბრები ლიტერატურაზე, მუსიკაზე.
ზვიადზე ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ რამაც ის ჩემთვის შთამბეჭდავი გახადა – კაშკაშა ნონკონფორმიზმია. რაღაც სიტუაციებში ვითარებების მიმართ ეს ჯიუტი შეუგუებლობა უადგილოდ და გამაღიზინებლადაც კი მომჩვენებია. მაგრამ, სწორედ ამაშია ზვიადის, როგორც პიროვნების, მაგალითის ძალა – ალაგ-ალაგ ნონკორფომისტები ბევრნი ვართ, მაგრამ უშეღავათოდ ნონკონფორმისტები – ცოტა.
მწერლობაში დაწინაურებულები გვყვანან – ვერ ვიტყვი, რომ თითებზე ჩამოსათვლელები არიან. მაგრამ მოქალაქეობაში დაწინაურებული მწერლები კი მართლაც ერთი ხელის თითებზეც ვერ ჩამოითვლება.
შენ გაგიმარჯოს, ზვიად! Zviad Ratiani